,, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს''- ლაშა ფარულავა 20.04.2026 12:28

 

„ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა იმ პოლიტიკური ძალების, ოპონენტების აკრძალვა, რომლებიც  წინააღმდეგობას უწევენ. საკონსტიტუციო სარჩელი და მისი გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს.

„ერთადერთი, ვინც საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო, „ქართული ოცნებაა". კონსტიტუციის 78-ე მუხლი თავზე დაგვამხო. „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა იმ პოლიტიკური ძალების, ოპონენტების აკრძალვა, რომლებიც  წინააღმდეგობას უწევენ. საკონსტიტუციო სარჩელი და მისი გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს. ეს განცხადება ამის იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს. არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქვეყანაში არანაირი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს. ერთადერთი ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა, რომელიც შედეგს მოიტანს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. „ქართულმა ოცნებამ" ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. აკრძალვის მიზეზი არა ალიანსი და რომელიმე პოლიტიკური პარტიაა, არამედ „ქართულ ოცნებას" სურს, ქვეყანაში ოლიგარქიული, ნეომონარქიული მმართველობა გააფორმოს, ივანიშვილის ოჯახს მთელი ქვეყანა გაუფორმოს. ამას ემსახურება ეს ნაბიჯი. დემოკრატიული წესწყობილების ცვლილებას და, ფაქტობრივად, იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. სარჩელში თუ აქამდე ოთხი პარტია იყო, ახლა სხვა პარტიებიც დაემატება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც" დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ძლიერი საქართველო - ლელოს" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ