20.04.2026 22:43
"კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი გულისხმობს სამხედრო კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპონენტების მხრიდან ეს ნეიტრალიტეტი განიხილება უფრო ფართო ჭრილში. ეს გულისხმობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნეიტრალიტეტსაც," - ამის შესხებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ნეიტრალიტეტის თემის გარშემო საუბრისას "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.
მაჭავარიანის თქმით, როგორც ნატო, ისე ევროკავშირი და სხვა ძლიერი ინსტიტუტები, დღეს აღარ წარმოადგენენ ისეთ სიმტკიცეს, როგორც ეს იყო თუნდაც 10 წლის წინ.
"ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საჭიროებს პარტნიორებს. ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გამოკვეთილია ხოლმე, როდესაც რაღაც ორგანიზაციის, რაღაც გაერთიანების ნაწილი ხარ. დღეს ეს დისკუსია რომ შედგა, ძალიან კარგია, თუმცა ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ სამწუხაროდ, როგორც ნატო, ისე ევროკავშირი და ძალიან ძლიერი ინსტიტუტები, დღეს არ წარმოადგენენ იმგვარ სიმტკიცეს და მონოლითური ერთობას, როგორც ეს იყო 10 წლის წინ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია ხდება დღევანდელ დღეს პოლიტიკურ ჭრილში და რაზეც მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე პირდაპირ ღიად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარეა ზუსტად ის, რომ სწორედ ეს თემა დადგა დღის წესრიგში [ნეიტრალიტეტი თუ ინტეგრაცია].
ჩვენი საზოგადოებისთვის უკეთ რომ განვმარტო, კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი გულისხმობს სამხედრო კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპონენტების მხრიდან ეს ნეიტრალიტეტი განიხილება უფრო ფართო ჭრილში. ეს გულისხმობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნეიტრალიტეტსაც. მე ვადევნებ თვალყურს ჩვენი ოპონენტების მოღვაწეობას, მათ პოზიციას და შესაბამისად, დამეთანხმებიან, რომ მათი მხრიდან სწორედ ეს გადმოსახედია ნეიტრალიტეტის მიმართულებით", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ავტორ(ებ)ი :