ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლაზე გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს 22.04.2026 23:41

 

რევოლუცია მშვიდობიანი არის აბსოლუტურად კანონიერი უფლება ქართველი ხალხის და ნებისმიერი თავისუფლების თავმოყვარე ხალხის, - ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა პირველი არხის გადაცემის „დღის თემა" წამყვანის შეკითხვას, რჩება თუ არა რევოლუცია ხელისუფლების შეცვლის მთავარ გზად „ნაციონალური მოძრაობისთვის".

„ის, რომ ამ ქვეყანაში სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს, არის ფაქტი და როგორ მოხდება, ვნახავთ. მშვიდობიანი რევოლუცია ხალხის ნება არის. რევოლუცია არ ხდება სტუდიაში დაანონსებით, პირდაპირ გეტყვით; ხალხმა თუ ტირანიისგან გათავისუფლება ინება და სხვანაირად უბრალოდ გზა აღარ დარჩა ხალხს, ეს ასე ხდება ხოლმე, ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, სამწუხაროდ, უსამართლო გარემოა, რაც, ბუნებრივია, წარმოშობს გარემოებებს, ვიფიქროთ, რომ შეიძლება, რევოლუციაც მოხდეს. ამ ქვეყანაში არსებობს უსამართლობა, არსებობენ პოლიტიკური პატიმრები", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსის" წევრების პოზიცია გაუგებარი იყო მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.

„წლების მანძილზე ვლადიმერ პუტინი გამოდიოდა ხოლმე სატელევიზიო ინტერვიუებში და აცხადებდა, რომ მას არ სურდა, სააკაშვილებს ერბინათ სხვადასხვა მოედანზე. ის აღიქვამდა საფრთხედ პოლიტიკურ ასპარეზზე სააკაშვილის მსგავსი ფიგურების ყოფნას, არა მხოლოდ რუსეთში, საქართველოში და ნებისმიერ იმ ქვეყანაში, სადაც მას აქვს რაღაც გარკვეული იმპერიული ამბიციები. ამიტომაც, გაუგებარია, ახლა ამ ადამიანმა რომ ხმა არ ამოიღოს, პოსტები არ წეროს და პოლიტიკიდან გაიმიჯნოს. ეს არის აბსოლუტურად იმ ადამიანების მიზანი, მათ შორის, ივანიშვილის, პუტინის და სხვების, რომლებიც არიან ჩვენი ალიანსის მხრიდანაც ძალიან ბუნებრივად გაცხადებულები, როგორც ოპონენტები ან ქვეყნის მტრები. მათ შორის, როცა პუტინზე მიდგება საქმე, პირველ რიგში, ასე მოვიხსენიებთ ყველა, ხომ? ამიტომ, გაუგებარი იყო ნამდვილად მათი ეს პოზიცია, მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ალიანსის მიმართ, თვეების მანძილზე", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

 

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაარღვია თუ არა მიხეილ სააკაშვილმა შეთანხმება, რომელშიც გაწერილი იყო, რომ არ უნდა ყოფილიყო ურთიერთთავდასხმები, ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ თავდასხმა არ ყოფილა.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს ისტორიული ფაქტის კონსტანტაციის უფლება. მან თქვა, როგორ დაამარცხა შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი. ალიანსი შეთანხმდა იმაზე, რომ ერთმანეთის მიმართ პიროვნული თავდასხმები არ უნდა იყოს ისეთი ხასიათის მატარებელი, როგორც მოხდა მაგალითად, მიხეილ სააკაშვილზე, რომელზედაც საუბარი ფაქტობრივად, წავიდა, როგორც თურმე ერთპიროვნული მმართველობის მსურველზე და ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილი იყო საკუთარ უპირატესობაზე ხაზგასმა, რაც ასევე არ მოეწონათ ალიანსის დანარჩენ წევრ პარტიებს, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის სიძლიერეზე არ აკეთებს აქცენტს.

„პოლიტიკაში არსებობს ადამიანი, რომელიც თავის სიძლიერეზე არ აკეთებს აქცენტს? მე არ მინახავს მსოფლიოს ისტორიაში ასეთი ადამიანი და თუ იცნობენ, გვითხრან. ამ კაცს მოხდენილი აქვს „ვარდების რევოლუცია" და სასწაულები რეფორმების კუთხით, რომელიც აღიარეს მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" „ოპოზიციის ალიანსის" დატოვებას, ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ეს ფორმატი თუ შენარჩუნდება, კარგი იქნება, თუ არ შენარჩუნდება - ესეც არ არის ტრაგედია.

„ხალხს სჭირდება გამარჯვება და ამ კორუმპირებული რეჟიმის მმართველობის დასასრული, რისთვისაც საჭიროა წინააღმდეგობის გაგრძელება. თანამშრომლობის რა ფორმატში ვიქნებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება, მაინც მივიღებთ აქციებში მონაწილეობას, მაინც იქნება პროტესტი. კარგი იქნება, თუ ეს ფორმატი შენარჩუნდება და თუ არ შენარჩუნდება, ესეც არ არის ტრაგედია. მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ ისეთი წვლილი და როლი ამ რეჟიმის დამარცხებაში - რომელსაც აუცილებლად ითამაშებს, რომელსაც ვერაფერი დააკნინებს", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

როგორც ფავლენიშვილმა განაცხადა, „ოპოზიციის ალიანსიდან" შესაძლო გასვლაზე გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

„კონსულტაციები არ მიმდინარეობს, პირდაპირ გეტყვით. მარტივად არის - მიხეილ სააკაშვილზე ამ ტიპის თავდასხმები თუ გაგრძელდება, ეს გასაგებია, რომ ვერ უნდა გაგრძელდეს. ამაშია საქმე. მიხეილ სააკაშვილიც გასცემს პასუხს და ჩვენც", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, „ასეთ რეჟიმში როგორ გესახებათ თანამშრომლობის გაგრძელება?" ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „გააჩნია თანამშრომლობის ფორმატებს".

„ჩვენ აქციებში მაინც მივიღებთ მონაწილეობას, ორგანიზებაშიც ვიქნებით ჩართული იმ დოზით, რისი საშუალებაც იქნება. ბრძოლა და წინააღმდეგობა გაგრძელდება, უბრალოდ მთავარია, მივხვდეთ, რომ კინკლაობები და მსგავსი რაღაცები ვერ იქნება ეფექტური ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დრო ბევრი არ გვრჩება. საჭიროა ბრძოლა, წინააღმდეგობა და არა პოსტების განხილვა, არამედ საქმეზე გადასვლა. სცენარი არის მარტივი - ბევრი ხალხი ქუჩაში და ივანიშვილი, რომელიც ხვდება, რომ აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას, მერე ტარდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დიახ, გვაქვს პრეტენზია, რომ ისევ გავიმარჯვოთ და ისევ ჩავატაროთ ის რეფორმები, რომელიც კვლავ დაამარცხებს კორუფციას, კრიმინალს. ქოლცენტრების ჰაბი კი არ იქნება და თურმე სუს-ის ხელმძღვანელი თაღლითურ სქემებში რომ იყო ჩართული, თაღლითურ სქემებში კი არ იქნებიან ჩართული, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ