,,მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი''- მდინარაძე 22.04.2026 23:48

 

მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და ჩვენ გვყავს ადამიანები, სამართალდამცველები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემა უდიდეს შედეგს გაძლევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ.

„ერთ საერთო ციფრს მოგიტანთ: თუ დაახლოებით ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო იქს ციფრი, დღეს ეს ციფრი, სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი მინიმუმ 30-ჯერ გაზრდილია", - აღნიშნა მან.

კითხვაზე - თქვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ ეს გაზრდილი მოსმენების ხარჯზე ხდება, ასეა? - მდინარაძემ ასე უპასუხა:

„მათ შორის. რა ეგონათ, დავმალავდი? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. თუ ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები (ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია), სამაგიეროდ ინფორმაციული ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ და მეტჯერ. არის ლეგიტიმური უამრავი საშუალება, მატერიალურ-ტექნიკურიდან დაწყებული, ადამიანური რესურსით გაგრძელებული, რომლებიც სუს-ში ინფორმაციის შედინებას უზრუნველყოფენ. ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის მმართველობის პერიოდში, რადგან ეს მიმდინარე მზარდი დინამიკაა, გეკა არაფერს დააკლებს, თუ არ მოუმატებს და ინფორმაცია ნიშნავს, მეტ პოზიტიურ კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეტ გარანტიებს ამ სფეროში ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა მან.

მდინარაძეს ასევე კითხვას დაუსვეს ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„შემიძლია გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მათ ვაკვირდებოდით. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა ძალიან დიდი შრომა გაწიეს, რომ გამოევლინათ და მტკიცებულებები შექმნილიყო. ამ თვეების მუშაობამ შედეგი მოგვცა ის, რომ გამოვავლინეთ უცხოური სპეცსამსახურის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. შეიძლება ძალიან კარგი იყოს ვიღაცების დასანახად თქმა და გაგონება იმის, რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სუს-ი არ აპირებს ერთ ქვეყანაზე გაჩერებას, რადგან მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ჰყავს ამ ქვეყანაში ასეთი ხალხი და ხვალ შეიძლება უხერხულობები შეიქმნას, ამიტომ ჯობია, რომ თავიდანვე არ ვთქვათ ერთი ქვეყანა, რადგან მერე მეორე ქვეყნის დასახელების ვალდებულებაც გვექნება. რაღაცებსაც ვეღარ წამოგვაძახებენ, ამიერიდან, ალბათ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ