"გვსურს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს"- ევროკავშირის წარმომადგენლობა 27.04.2026 17:34

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან. მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა საქართველოს წინსვლის სურვილი არაერთხელ დაადასტურა.

ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.

ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.

ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.

რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება". ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში".

23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში".

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ