ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს ყველა მიმართულებით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო განვითარება, რასაც ემსახურება სტრუქტურული ცვლილებები 28.04.2026 17:30

ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსაც, კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, აქ, თავადაც ხვდებით, რომ საქილიკო არაფერია, თუმცა აქაც ახერხებს ოპოზიცია რაღაც სპეკულაციების გავრცელებას, ეს მათი სახეა და არ არის საინტერესო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ცვლილებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

 

„ეს ყველაფერი ემსახურებოდა სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, გაჩნდა ახალი რგოლი - კოორდინაციის რგოლი. ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული უწყებიდან, ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობა. ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოცემულობის ფორმალიზება, რაც სწორია. რაც მანამდეც იყო ჩამოყალიბებული. რეალურად, იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურები - შსს, სუს-ი, სდსს-ი და მათ საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრი. ახალი თანამდებობა არის ამისათვის განკუთვნილი, რაც იდევ უფრო მეტად გააძლიერებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ზრუნვას. ამ ერთი წლის განმავლობაში, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით - კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მიგრაციული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის კუთხით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძემ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა სუს-ში და მისი საქმიანობა ახალ თანამდებობაზე იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული.

 

„მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ. ყველა მიმართულებით მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. მამუკა მდინარაძე იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება თავის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო ძალიან წარმატებული. მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც, სახელმწიფო მინისტრსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ