28.04.2026 18:16
„ჩვენ ჩვენი ერთიანობით ვახერხებთ ჩვენს ქვეყანაზე წარმატებით ზრუნვას. ჩვენი გუნდი არის წარმატებული და ჩვენი გუნდის წარმატებას მოაქვს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. რომ არა ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა, რა თქმა უნდა, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა და არ შედგებოდა. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობა გეკუთვნით"-ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გუნდის წევრებს.
მან ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას ისაუბრა და განვლილ გზაზე და გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ყველა წელი რთული იყო 2011 წლიდან მოყოლებული, თუმცა, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ დაიწყო სირთულეების ახალი ტალღა და ზუსტად აქ იყო საჭირო გუნდის ერთიანობა. გახსოვთ საპარლამენტო არჩევნები, უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ამის შემდგომ პერიოდი. ძალიან რთული ბრძოლა გამოვიარეთ, ძალიან დიდი წნეხი იყო თითოეულ თქვენგანზე, თითოეულ ჩვენგანზე, მაგრამ ერთიანობით ეს პროცესებიც ღირსეულად გამოვიარეთ და შემდეგ, როდესაც უკვე ომი დაიწყო უკრაინაში, 2022 წლის შემდეგ, აქედან წამოვიდა სირთულეების ახალი ტალღა. ძალიან რთული ნაბიჯები იყო გადასადგმელი და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ერთიანობით ამ ნაბიჯების ღირსეულად გადადგმა და საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის დამშვიდება.
დღეს, ქვეყანაში არის სიმშვიდე, არის მშვიდობა, ქვეყანა ვითარდება ეკონომიკურად და მთავარია, რომ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. გარდა იმისა, რომ გუნდი იყო ერთიანი, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერის როლი ამ ყველაფერში. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც აქვს ჩვენს გუნდს და რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. ხშირად ადვილია ხოლმე, უკან რომ გაიხედავ უფრო ადვილი ჩანს რაღაცების სწორად გააზრება. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც იხედები უკან და უკან გახედვის დროსაც კი რთულია რაღაცების გააზრება. როგორ გეგმავდა ეს ადამიანი ყველაფერს, როგორ ხვდებოდა, თუ რა იყო ყველაზე უკეთესი ქვეყნისთვის და გუნდისთვის. სწორედ მისი განსაკუთრებული, გამორჩეული სიბრძნის წყალობით, განსაკუთრებული გათვლების წყალობით ჩვენ მოვახერხეთ წარმატების მიღწევა და ბატონ ბიძინას ამისთვის თითოეული ჩვენგანისგან და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან ვფიქრობ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :