05.05.2026 13:00
სომხეთში საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026" მიმდინარეობს, რომელშიც, ევროპელ და რეგიონის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კონფერენციას ესწრებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ვინაი ჩავლა და სონატა კოულტერი, ნატო-ს წარმომადგენელი კრისტიან მესაროში, ევროკომისიის წარმომადგენელი ადრიენ კირალი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის ექსპერტები.
კონფერენციაზე მონაწილეები ექვს თემატურ სფეროზე გამართავენ დისკუსიებს. პირველი სფეროა „გეოპოლიტიკური უთანასწორობის მიღმა". მონაწილეები ხაზს გაუსვამენ დიალოგის მნიშვნელობას, როგორც დაძაბულობის შემცირების, მშვიდობის დამყარებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის ძირითად ფაქტორს.
მეორე სფეროა „გლობალური დაკავშირებადობა". ამ თემის ფარგლებში მომხსენებლები ხაზს გაუსვამენ ღია საზღვრებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ადამიანებისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას.
კონფერენციის მესამე სფეროა „ევროკავშირის გაფართოება და ევროპული ინტეგრაცია". ამ თემის ფარგლებში მომხსენებლები განიხილავენ ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს და სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავებას.
ამასთან, მეოთხე თემა არის „დემოკრატიული მდგრადობა, ჰიბრიდული საფრთხეები და ხელოვნური ინტელექტი". პოლიტიკის შემქმნელები და ექსპერტები ხაზს გაუსვამენ არსებული გამოწვევების დაძლევის მნიშვნელობას დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ძლიერი თანამშრომლობის გზით.
„ერევნის დიალოგი 2026"-ის საერთაშორისო კონფერენციის მეხუთე თემატური სფეროა „მწვანე ტრანსფორმაცია". ამ თემაზე დისკუსიის დროს მომხსენებლები ხაზს გაუსვამენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას ინოვაციური მიდგომებისა და თანამშრომლობის გზით.
კონფერენციის მეექვსე თემატური სფეროა „უსაფრთხოების ტექნოლოგიები და არქიტექტურა". ეს სექცია ფოკუსირებული იქნება ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში მთავრობის საჭიროებების კერძო სექტორის ინოვაციებთან დაბალანსებაზე.
ავტორ(ებ)ი :