ვასილ მაღლაფერიძე: თავის დროზე ე.წ. ტროიკები უყენებდნენ მუხლს სასამართლოსა და ძიების გარეშე, არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს მედიაზე და მით უმეტეს ევროპარლამენტის სახელით 05.05.2026 23:15

 

"სანქციებზე საუბარი განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს. ამ ტიპის სანქციების მეხუთე თუ მეექვსე მცდელობაა და ეს თემა ბოლო წელიწად-ნახევარია, ერთგვარად პოპულარული გახდა", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების - მარიუშ კამინსკისა და მალგოჟატა გოშევსკას მოთხოვნაზე, რომ სანქციების სიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები შეიყვანონ.

„ავტორებთან, ვინც ამას მოითხოვს, ჩვენ ხელი არ გვაქვს, მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი არიან თოჯინები, რომლებიც ასრულებენ შეკვეთას თუ დავალებას, რომ ეს ამბავი უნდა გახმიანდეს", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ამ თემის სათავე, შესაძლოა, სხვაგან არის, მაგრამ ყველაფერი იხარშება ქვეყნის შიგნით.

„თავის დროზე ე.წ. ტროიკები აკეთებდნენ ასე, სასამართლოსა და ძიების გარეშე უყენებდნენ მუხლს. ასე მეც შემიძლია, წავუყენო ნებისმიერი ბრალდება. მაგალითად, დავაბრალო, რომ ფული აქვს აღებული ამაში და ა.შ. რასაკვირველია, მეტყვიან, რომ ეს დავამტკიცო. ამიტომ არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს, მედიაზე და, მით უმეტეს, ევროპარლამენტის სახელით.

ხან ვინ გამოაქვეყნა, რომ ვსანქცირდებით, ხან ამ ფორმით მოვხვდით, ხან იმ ფორმით ვიყავით შეტანილი. აქედან იწერება წერილები, მუშაობენ, ეხვეწებიან, ეუბნებიან, რაღაც ფაქტებს წერენ. ნახეთ, ჩვენც როგორ ვსაუბრობთ, თითქოს ევროპარლამენტარი დედამიწაზე განსხეულებული ანგელოზია.

ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავიანთი სისუსტეებით, პოლიტიკური ინტერესებით. ტრაგედია არის დამსმენი ადამიანების ასეთი პარპაში და იდეოლოგიის გავრცელება, რომ გარედან მითხრეს - ესე იგი, უნდა გაკეთდეს, გარედან მითხრეს - ერთი ბარტყი უნდა გადავაგდოთ", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ