პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან 07.05.2026 13:32

ტელევიზიებს, რომლებსაც პროპაგანდისტულ არხებად მოიხსენიებენ, უკრაინაში მიმდინარე ომთან ან მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაცია არ გაუშუქებია, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მთელი მსოფლიო მედია აშუქებდა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა არაფერი.

 

„საფუძვლად ასახელებენ, რომ ეს ტელევიზიები პროპაგანდისტული არხებია. პოლიტიკოსი როდესაც რაღაცას აცხადებს, ამის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ფაქტობრივი გარემოებები. ნებისმიერ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში რამდენიმე ტელევიზიის დასანქცირება უნდა მოხდეს. პირველ რიგში, ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა არაფერი. მეორე - როდესაც საუბარია პროპაგანდისტულ ტელევიზიებზე, დაასახელონ კონკრეტული ფაქტები - როდის და რა ვითარებაში. მაგალითად, მე გადავამოწმე და საქართველოში არც ერთ ტელევიზიას, იმ ტელევიზიებს შორის, რომლებსაც ისინი პროპაგანდისტულ არხებად მოიხსენიებენ, უკრაინაში მიმდინარე ომთან ან მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, ისეთი ინფორმაცია არ გაუშუქებია, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მთელი მსოფლიო მედია აშუქებდა.

 

დაასახელონ ერთი ფაქტი, როდესაც, მაგალითად, „იმედმა" ან „რუსთავი 2"-მა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ რომელიმე ქალაქი აიღო, ამაზე სიუჟეტი მოამზადა და ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. საუბარია იმაზე, რომ ყველა საომარი მოქმედება, ყველა ფაქტი, შეხვედრა, კონფერენცია თუ სამიტი, რაც მსოფლიოში ხდებოდა, ამ ტელევიზიების მიერ ისე შუქდებოდა, როგორც ამას მსოფლიოს სხვადასხვა ტელევიზია აკეთებს. რა შუაშია, სად არის აქ პროპაგანდა? თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტელევიზია ეთერს უთმობს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრის გამოხატვა სურთ და ეს აზრი შესაძლოა, ვიღაცის შეხედულებებს არ ემთხვეოდეს, მაშინ რაზეა საუბარი?! ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა არაფერი", - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ