08.05.2026 18:58
მგონი, ქართული კონტრდაზვერვა რაღაც ახალ სიმაღლეებს იპყრობს! მსოფლიო შპიონაჟის ისტორიას არ ახსოვს, რაც საქართველოში მოხდა! - ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვისთვის ელემენტარული კონსპირაციის დარღვევის თვალსაზრისით „მტრული ქვეყნის" ტერიტორიაზე „საიდუმლო აგენტთან" თანამშრომლობის წერილობითი დოკუმენტური დადასტურების შექმნა დაუჯერებლად იდიოტური საქციელია! - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება.
მელაშვილის შეფასებით, თუ სერიოზული მტკიცებულებები არ დაიდო, რომ უძილაურის მიერ უცხო დაზვერვისთვის „გადაცემული ინფორმაცია" სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ის რაც გასაჯაროვდა, არაფრის დამადასტურებელი არ იქნება.
„ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს უძილაურმა ვიღაცას გადაურბინა ან/და „ოცნების" ახლანდელ ხელმძღვანელობას თვალში არ მოსდიოდა, მასში საფრთხეს ხედავდნენ, რადგანაც წერა კი ნამდვილად ეხერხება, ამიტომ ასე მოიშორეს.
ჰო, ვის რას აღიარებინებენ ამაზე ვერაფერს ვიტყვი! სამოქალაქო აქტივისტებისგან განსხვავებით „ოცნების" დაკავებული თანამდებობის პირები, როგორც წესი, საპროცესო გარიგების დადებას ითხოვენ. უძილაური რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს არაფრის დამადასტურებელი არ იქნება, თუ სერიოზული მტკიცებულებები არ დაიდო, რომ უძილაურის მიერ უცხო დაზვერვისთვის „გადაცემული ინფორმაციას" კანონის შესაბამისად „საიდუმლო" გრიფი ედო და სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. თორემ მასე კოლექტიურ გორდულაძეების, მათიკაშვილების, მახაშვილების და სხვა ხუნვეიბინების სურვილებს თუ ავყევით, ამათ თავისუფლად შეიძლება მათი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ანალიტიკური სტატია და მასში გამოყენებული ღია წყაროების ინფორმაციის გავრცელება, ქვეყნის გაყიდვად, მტრული „ქვეყნების სასარგებლო შპიონაჟად" ჩათვალონ და სისხლის სამართლის დასჯადი გახადონ!
P.S. არც წინა ხელისუფლებებთან ოპოზიციაში ყოფნის და არც ამ ხელისუფლების დროს მე და ჯერ ჟურნალისტი, შემდეგ კი „ქართული ოცნების" ფუნქციონერი უძილაური, თანამოაზრეები და მითუმეტეს მეგობრები არ ვყოფილვართ, ყოველთვის განსხვავებული პოზიციები გვქონდა ბევრ საკითხზე. საკმაოდ მწვავე საუბრებიც გვქონია ხოლმე, მაგრამ ვიცნობდი უამრავ ადამიანს, ვინც მისი თანამოაზრეობით და მეგობრობით ამაყობდა, ვისაც ეხმარებოდა და გვერდში ედგა. ჰოდა, ეს ხალხი ასე პირშიწყალჩაგუბებულები როგორ სხედხართ, თქვენს მეგობრისთვის შპიონაჟის ასე საეჭვოდ დაბრალებაზე?" - წერს ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.
ავტორ(ებ)ი :