18.05.2026 13:17
მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უარყოფილი იყოს შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, სამმართველო შექმნას იმ თეორიულად მისაღებ ვადაში, რაც სჭირდება ფორმალური თვალსაზრისით ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნას. ამიტომ, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უარყოფილი იყოს შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა. პირადად მე ბოლომდე ვიქნები დაინტერესებული და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ, რომ ჩვენი საზოგადოებისგან მაქსიმალურად განდევნილი იყოს ბრძოლის ერთგვარი იარაღი, რომელიც პოლარიზაციის გაღვივებაში გამოიყენება და ამის მთავარ იარაღად მიიჩნევენ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმე ცდილობს, პოლარიზაცია, ერთი მხრივ, გამოიყენოს იმის იარაღად, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს, გახლიჩოს და ამ საზოგადოების გარედან მართვა უფრო იოლი იყოს, ხოლო ამის ერთ-ერთ მთავარ იარაღად გამოიყენებენ სიძულვილის, შუღლის გამაღვივებელ ენას, ეს იქნეს უარყოფილი და ამას ვებრძოლოთ. შეიძლება დისკუსია, ერთმანეთის კრიტიკა ამის გარეშე. მეორე მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას. ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში დავუპირისპირდებით ქმედითი, სამართლებრივი მექანიზმებით, რომლებსაც, თავის მხრივ, უკვე საკანონმდებლო ბაზა აქვს. ამის აღსრულებას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორ(ებ)ი :