კახა კალაძე - თავიდანვე გასაგები იყო, რომ ოპოზიციის ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის 18.05.2026 14:28

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც არავითარი საერთო ღირებულებები არ გააჩნია, თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა, რომელიც ზარ-ზეიმით გამოგვიცხადეს, განწირული იყო მარცხისთვის, დაშლისთვის. როგორ შეიძლება იმ ადამიანების ერთობა, სადაც არანაირი ღირებულებები არ არსებობს? მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლაა იმისთვის, რომ როგორმე რაიმე თანამდებობა დაიკავონ. ერთად შეიყარნენ ის კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოებაში არანაირი ნდობა და მხარდაჭერა არ აქვთ. ეს შემთხვევითი არ არის, ამას აქვს თავისი ახსნა: როდესაც შენ ემსახურები სხვა ქვეყანას, ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, გყავს გარეთ პატრონები, ხალხს შენ მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში იქნები წარუმატებელი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პარტიების, „ლელო საქართველოსთვის" და „გახარია საქართველოსთვის" პოზიციას, მერის შეფასებით, სინამდვილეში მათთვის არანაირი „წითელი ხაზები" არ არსებობს.

„რეალურად, არანაირი „წითელი ხაზი" არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. რა „წითელ ხაზებზეა" საუბარი, როდესაც, მაგალითად, გახარიას პარტია პირდაპირ ალიანსშია და კოლაბორაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან"? შემიძლია, კონკრეტული რაიონები დაგისახელოთ, სადაც ისინი საკრებულოების დონეზე გაერთიანდნენ. არანაირი „წითელი ხაზები" არ არსებობს, აქ მთავარია, რას ეტყვიან პატრონები, რა დავალებას მისცემენ. მათ შეპასუხების უფლებაც კი არ აქვთ, ვალდებულები არიან, გააკეთონ ის, რასაც ეტყვიან გარედან", - აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, პოლიტიკური ძალა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს, საზოგადოების ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობდეს.

„როგორ შეიძლება, ნდობა გქონდეს საზოგადოებაში, როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესს? როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს ან პოლიტიკურ დაჯგუფებებს ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა. თუკი რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ყველაფრის მხარდამჭერები არიან. ვიცით, საიდან მოდის გარედან თავს მოხვეული პროცესები, რომელთა ნაწილი ისინი არიან. მზად არიან, ცალ ფეხზე დგომით ყველაფერი შეასრულონ. ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი კარგად ხედავს, ანალიზს აკეთებს, აფასებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ