27.05.2026 16:22
მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რომელიც აქამდე ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საქართველოს, მისი ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა გზავნილია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ქართველი კოლეგისთვის საჯარო მადლობის გადახდა და როგორ ხედავს ამ ფონზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.
„ჩვენ ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნქციონირებდეს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვისაც. როგორც აქამდე ასეულობით რეზოლუციას და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტს მხარი დაუჭირა და ინიციატორი იყო საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას და ყოველთვის ასე ვიქცეოდით, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან. ის სიგნალები, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება უკრაინის ხელისუფლებაში მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით. ასე რომ, ვნახოთ, დაველოდოთ, მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რომელიც აქამდე ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საქართველოს, მისი ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით. „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე - ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად", - დაწერა ანდრეი სიბიგამ.
ავტორ(ებ)ი :