01.06.2026 17:46
ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების 25-28 მაისის შეხვედრის შესახებ განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.
„აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო - ლელოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო ასევე ავრცელებს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის შეხვედრის შესახებ.
ავტორ(ებ)ი :