05.06.2026 00:56
ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენ თქვენს გვერდით ვიბრძოლებთ ამ თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ სენატორმა ტიმ შიჰიმ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
სენატორის თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას.
„როდესაც 19 წლის მეზღვაური ვიყავი აშშ-ის საზღვაო ფლოტში, გემზე ვიყავი, რომელიც შავ ზღვას კვეთდა და მითხრეს, რომ საქართველოში შევდიოდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯორჯიის შტატი შორს იყო, ამიტომ ვკითხე: „რა საქართველო? სად ვართ?" აღმოჩნდა, რომ შავი ზღვის ფოთის პორტში ვიყავით. 19 წლის ახალგაზრდას თქვენი დიდი ქვეყნის გაცნობა მომიწია, რაც დღემდე მახსოვს. იქ დაახლოებით ერთი კვირა გავატარეთ თქვენს სამხედროებთან ერთობლივ წვრთნებში. რა თქმა უნდა, ეს წინ უძღოდა პუტინის რეჟიმის ექსპანსიონისტურ მიზნებს, რომელიც მალევე იყო და ხაზს უსვამდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იქ ყოფნა, თუ გადავხედავთ რეტროსპექტივას. ამან კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ერთგულება არა მხოლოდ ჩვენი მსოფლიო ალიანსების, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართაც - ქვეყნის, რომელსაც ახალგაზრდობაში ვესტუმრე. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ აღარ დავბრუნებულვარ, შესაძლოა, მალე გამოვასწორო ეს და თქვენთან ჩამოსვლა მოვახერხო. ეს ულამაზესი ადგილია და იქაური ისტორია, რა თქმა უნდა, უძველესია - ჩვენი უძველესი ცივილიზაციის შესაყარზე, სპარსეთსა და რუსულ სტეპებს შორის, კავკასიის მთების ისტორიითა და იქ მომხდარი ყველაფრით.
საზღვაო აკადემიაში სწავლის წლებში სწრაფად ჩავუღრმავდი და შევისწავლე ყველაფერი, რაც შემეძლო საქართველოს, შავი ზღვის და იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რეგიონი - ცივილიზაციის ჭეშმარიტად აკვანი. რა თქმა უნდა, თქვენი დამოუკიდებლობა: ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას, არა მხოლოდ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ თქვენი კულტურული მთლიანობის დასაცავად. ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ თქვენ გვერდით ვიბრძოლებთ ამ თავისუფლებისთვის. ასე რომ, მადლობას გიხდით დღეს საღამოს სტუმრობისთვის და გილოცავთ", - განაცხადა სენატორმა.
ავტორ(ებ)ი :