იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა 06.06.2026 10:32

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

პაატა სალიამ შეხვედრისას ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაყოფიერ და მრავალწლიან თანამშრომლობაზე, რისი დასტურიც ერთობლივი პროექტები და განხორციელებული რეფორმებია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UN Sustainable Development Cooperation Framework) ფარგლებში, 2026-2030 წლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კონკრეტული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს როგორც მმართველი კომიტეტის, ისე შედეგებზე ორიენტირებული სამივე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

პაატა სალიამ უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და თანამედროვე, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით სამინისტრო მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ