06.06.2026 17:03
რეალურად, ოპოზიციაში ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან.
„დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა. რეალურად, ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური წარმომადგენელი პარტია. თუ შევხედავთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა აერთიანებთ მათ - იმართებიან გარედან. ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ნაბიჯი არ გადაუდგამთ. პირიქით, ყოველთვის ყველაფერს სამშობლოს წინააღმდეგ აკეთებენ. მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საზოგადოებაში ოპოზიციისადმი უნდობლობა გამოწვეულია მათი არასახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგად.
„ოპოზიციაში განხეთქილებაზე თუ მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, დღეს უკვე ყველაფერი ცხადია. ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი რესურსი, საზოგადოების მხარდაჭერა. ამასაც აქვს თავისი ახსნა - როდესაც ხარ პოლიტიკოსი, პირველ რიგში, შენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა მოქმედებდე. ეს ადამიანები კი შემჩნეული არიან მტრულ საქმიანობაში. ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს, მაგალითად, ბრიუსელში კონკრეტული პოლიტიკოსების კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და ა.შ. ამიტომ საზოგადოებაში არ აქვთ არანაირი ნდობა", - აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :