პრემიერი - რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ 08.06.2026 23:06

 

საქართველოში არის მედიის სრული თავისუფლება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატების" ეთერში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლება სრულად არის უზრუნველყოფილი, მაშინ როდესაც მოლდოვასა და უკრაინაში მედიის მიმართულებით მძიმე ვითარებაა. მისი თქმით, უკრაინაში ბოლო წლებში 100-ზე მეტ ტელევიზიას შეუჩერდა ლიცენზია და მაუწყებლობა, ხოლო მოლდოვაში მაუწყებლობის უფლება 12 წამყვან ტელეარხს შეუჩერდა. კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტებს საერთაშორისო კრიტიკა არ მოჰყოლია.

პრემიერის თქმით, მედიის გარდა, უკრაინასა და მოლდოვაში პრობლემურია პოლიტიკური უფლებებისა და ოპოზიციის საქმიანობის მიმართულებაც. მისივე შეფასებით, საქართველოს მიმართ საერთაშორისო შეფასებები ხშირად განსხვავებული სტანდარტებით კეთდება.

"საქართველოში არის მედიის სრული თავისუფლება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, უმძიმესი მდგომარეობაა. უკრაინაში 105-ზე მეტმა ტელევიზიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, გაუჩერდა ლიცენზია ამ ბოლო წლების განმავლობაში. 100-ზე მეტ ტელევიზიას შეუჩერდა ლიცენზია, შეუწყდა მაუწყებლობა. მოლდოვაში 12 წამყვან არხს გაუუქმდა, შეუჩერდა ლიცენზია და ვეღარ მაუწყებლობენ. მოლდოვაში დარჩა სახელმწიფო ტელევიზია 1, ჰქვია ფორმალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი და მე-2 - სახელმწიფო ტელევიზია 2. ეს არის მოლდოვაში მედიაპლურალიზმის მდგომარება. თქვენ გსმენიათ სადმე ამასთან დაკავშირებით კრიტიკა? ვინმე დაუსანქცირებიათ იმის გამო, რომ 12 ტელევიზია გააუქმეს მოლდოვაში ან 105 ტელევიზია უკრაინაში? უკრაინაში ამას ამართლებენ ომით. მოლდოვაში არ არის ომი. 12 ტელევიზია დაიხურა, სახელმწიფო ტელევიზია 1, სახელმწიფო ტელევიზია 2 - ეს არის მედიაპლურალიზმის მდგომარეობა მოლდოვაში. იცით, ჩვენთან რა აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე პოლიტიკოსის დაჭერას, დაკავებას, დაპატიმრებას და ა.შ. იცით, რა ხდება ამ კუთხით უკრაინაში და მოლდოვაში", - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუფლების მთავარი საზომია, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და  ეს ასეა საქართველოში.
„რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ ვერ შელახავდა, ის შევასრულეთ. ასევე მუშაობს დღეს ტელეკომპანია „იმედი"  სრულიად კანონიერად და ტელეკომპანია „პოსტვ" სრულიად კანონიერად. რაც შეეხება რეკლამას, სიმართლე არის ის, რომ თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა. ეს არის ის, რაზეც თავი შემიძლია დავდო. ნებისმიერ ქვეყანაში, მთავარი საზომი თავისუფლების, ზუსტად ეს არის, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და  ეს ასეა საქართველოში", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ