12.06.2026 23:39
სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მისი მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკაში და „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მის მიმართ უსიტყვო მორჩილება დანაშაული, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ის აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.
„ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და არც მაინტერესებს. ყოველ ჯერზე, როცა ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ ხოლმე, მგონია, რომ ფსკერია და ამის ქვემოთ რაღა უნდა იყოს, მაგრამ ყოველი ახალი კანდიდატურა იმ ფსკერზე გაცილებით დაბლა არის ხოლმე. კიდევ ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, უკეთესი, მეტად განულდებიან. ფაქტი ერთია, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს კანონმდებლობასაც არღვევს, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მისი მონაწილეობა და „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მის მიმართ უსიტყვო მორჩილება დანაშაული და საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის დარღვევაა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარს ასევე კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსთან" დაკავშირებით. სუბარის შეფასებით, „ოპოზიციის ალიანსის" მსგავსი ალიანსები ერთიან ძალად ვერასდროს შეიკვრება.
„კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც კარგად იცის და რაშიც ჩემპიონები არიან, არის ლანძღვა, წყევლა. ამაში ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მსგავს ალიანსებს რაც შეეხება, რამდენი დავალებაც არ უნდა მიიღონ დასავლეთიდან და თავიანთი პატრონებიდან, ისინი ერთიან ძალად ვერასდროს შეიკვრებიან, რადგან ყველას უნდა პირველობა. ამდენი პირველი ადგილი უბრალოდ ვერ იქნება ერთ კონკრეტულ ალიანსში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ავტორ(ებ)ი :