15.06.2026 16:03
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება თუ მართლაც სურს, მაშინ ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ვალდებულებები შეასრულოს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
რაც შეეხება გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება, შარაშიძის შეფასებით, არ ჰგონია, ამ თემაზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული.
„დათქმებში რას გულისხმობთ? - ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს თუ გულისხმობთ, ეს დათქმა არ არის. ამას „ოცნება" შანტაჟად აფასებს, მაგრამ შანტაჟი რა არის, რომ მოგიწოდებენ, კანონი დაიცვა? - რა თქმა უნდა, ეს არც შანტაჟია და არც დათქმა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება თუ მართლაც სურს, მაშინ ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ვალდებულებები შეასრულოს. რაც შეეხება ევროკავშირში ვეტოს უფლებას, როგორც, მაგალითად, უნგრეთს ჰქონდა, არ მგონია, ამ თემაზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული. უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, დათქმა ვეღარ იქნება. ამ წესს ყველა ქვეყნისთვის თუ შეცვლიან, სხვა ამბავია, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ავტორ(ებ)ი :