17.06.2026 15:10
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე იქნა მოწვეული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას ამ მიმართულებით.
„აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემ SILVAR-шы (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, იგი ფლობდა Lloyd's Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვ. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.
„ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს.
„შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას", - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ 16 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია ხომალდ SILVAR-ის სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანის შესახებ.
ავტორ(ებ)ი :