მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი 17.06.2026 18:45

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიღებულ ახალ რეზოლუციაში კვლავ მტკიცედ მოითხოვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე - რათა მას შესაძლებლობა მიეცეს, საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ევროპარლამენტის წევრებს მისცეს შეუზღუდავი წვდომა სააკაშვილთან და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან.


"ევროპარლამენტი გმობს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" მუდმივ მცდელობებს, პოლიტიკური ოპონენტების დევნის, არამართლზომიერი დაკავებისა და დაპატიმრების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების ჩათვლით; გმობს პოლიტიკურ ოპონენტთა დაპატიმრებას საქართველოს დე ფაქტო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა, როგორც პოლიტიკური საჩვენებელი პროცესის ფორმა, რომლის მიზანი იყო, გზა გაეხსნა პოლიტიკურ ოპონენტთა შემდგომი დევნისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში; მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული პირის, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩათვლით, დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისკენ; აღნიშნავს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიწყალა მუნიციპალური არჩევნების წინ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო კონკურენტული არჩევნების ფასადის შექმნა; მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს. ამასთან, მოუწოდებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრებისთვის შეუზღუდავი წვდომა მიხეილ სააკაშვილსა და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან", - აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ