ნიკა გვარამია - ბუნებრივია, გეოპოლიტიკური პროცესები დააჩქარა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ, რა არის ამაში გაუგებარი? ომი გეოპოლიტიკური არქიტექტურის შემქმნელია 18.06.2026 16:08

ბუნებრივია, გეოპოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ. რა არის ამაში გაუგებარი? ამაზე საუბარი ყოველთვის იყო, მაგრამ ფანჯარა გაიხსნა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც, ასევე, ბალკანეთის ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამია განაცხადა.

 

გვარამიას კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე".

 

ნიკა გვარამიას თქმით, დაჩქარებული გეოპოლიტიკური ძვრა მოხდა, რადგან ომი ყოველთვის და ყველგან გეოპოლიტიკური არქიტექტურის შემქმნელია.

 

„„ქართულმა ოცნებამ" თუ ეს არ იცის, რასა იუკნევიჩიენეს პრობლემა არ არის", - აღნიშნა გვარამიამ.

 

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, ნიკა გვარამიას განცხადებით, „სანქციების შიშმა ივანიშვილს, დიდი ხანია, წონასწორობა დააკარგვინა".

 

„თავიდან ჩემთვის ეს გასაკვირი იყო, ახლა კი აღარ მიკვირს. ინსტინქტები, თუ ტვინი არ ჰყოფნიდა, ხერხემალი მაინც კარნახობდა ხოლმე, რომ სწორი დასკვნები გამოეტანა. ახლა ძალიან შეშინებულია, მაგრამ სწორედ ამ შიშის გამო იღებს რადიკალურად არასწორ, დიამეტრალურად საპირისპირო გადაწყვეტილებებს. გონზე მოსვლა მას ჯერ კიდევ შეუძლია. ისეთი გადაწყვეტილებები თუ იქნება მიღებული, რომლებიც შეუქცევადი აღმოჩნდება, შემდეგ აღარ ექნება მნიშვნელობა, რას იზამს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უსმინოს საკუთარ ინტერესებს და არა მისი სასაცილო მარიონეტული მთავრობის ინტერესებს. ბუნებრივია, კობახიძეს სჭირდება ივანიშვილი აქ - იქნება დასანქცირებული, დასჯილი თუ სხვა ფორმით დაზიანებული - რადგან ეს მათთვის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების საშუალებაა. ივანიშვილი თუ ამისთვის წირავს საკუთარ თავს და ოჯახს, რომ კობახიძე პრემიერ-მინისტრი იყოს, მაშინ ვულოცავ", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ