საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა 19.06.2026 18:56

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიროჯიდინ მუხრიდინმა კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის, რისკების შეფასების, ადაპტაციისა და შერბილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გარემოს დაცვის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებზე ერთობლივი მუშაობა. საუბარია კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რათა კლიმატური ცვლილებების შედეგები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი რეაგირების მექანიზმები წინასწარ დაიგეგმოს. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება გარემოსდაცვითი გამოწვევების უფრო ეფექტიანად მართვაში", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრისკენ ძალისხმევის გაძლიერება და კოორდინაცია, კლიმატის ცვლილების მიმართ რეგიონული მოწყვლადობის და რისკების შეფასების მექანიზმების მხარდაჭერა, ენერგო ეფექტური პროექტების ხელშეწყობა, დაბალემისიიანი განვითარებისკენ ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სტიმულირება.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებისა და მონიტორინგის, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შესაძლებლობების გაძლიერების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

დოკუმენტი ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, კატასტროფების რისკის შემცირების, ჰიდრომეტეოროლოგიისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების სფეროებში თანამშრომლობას.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ