20.06.2026 21:01
საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები" დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ.
მან საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დავიწყებ იმით, ჰერმან საბომ რაც თქვა, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არსებობს და ზუსტად ასეა. საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა. თუმცა, ჩვენ შავ ზღვაში არც ატომური წყალქვეშა ნავები გვილაგია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის აბსოლუტური გარანტი იყოს, არც ჩინეთივით მილიარდნახევარი ვართ და არც ტერიტორია გვაქვს ასეთი დიდი და სად ვცხოვრობთ? - ჩვენს ჩრდილოეთით არის 2,5 ტრილიონი ეკონომიკის მქონე დიდი რუსული იმპერია, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს არ აღიარებს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და კიდევ უნდა ოკუპაცია და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. გვინდა ჩვენ აქეთ ინტეგრირება?, - არა! ვფიქრობ, ამაზე ვთანხმდებით, რომ რუსეთთან ინტეგრირება არ გვინდა", - განაცხადა ობოლაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სამხრეთით კი აფრიკიდან დაწყებული შუა აზიის ჩათვლით, სიტუაცია ჭრელია და იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი არ არის, ინტეგრირებული იყოს აღნიშნულ სივრცეში. ობოლაძემ განაცხადა, რომ ეს არის 5 ტრილიონის მქონე დიდი ეკონომიკური სივრცე. ამის გარდა კი ასევე დასავლეთით არსებობს ევროკავშირი.
„თუ ისლამური სამყაროა 5 ტრილიონი, ევროკავშირი 20 ტრილიონია. ამ ნაწილში ვეთანხმები ბატონებს, რომ მისი წილი, ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში მცირდება, მაგრამ ეკონომიკურად 20 ტრილიონია. თუ სადმე არსებობს წესი, თუ სადმე არსებობს ქრისტიანული კულტურა, თუ სადმე არსებობს იდენტობის დაცვა, ეს არის ევროკავშირი.
ევროკავშირში არის თუ არა პრობლემები? გვინდოდეს თუ არა, რომ ხმის უფლების გარეშე მიგვიღონ?, - პრობლემები არის! რა ხმის უფლების გარეშე უნდა გვინდოდეს?! არა, არ უნდა გვინდოდეს, მაგრამ როდესაც სადაც ვცხოვრობთ, ამას გავიაზრებთ და ევროკავშირის მისამართით ვიწყებთ ასეთ მტრულ რიტორიკას, ეს არის არასწორი", - აღნიშნა ობოლაძემ.
ავტორ(ებ)ი :