სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას - ბექა ძამაშვილი 23.06.2026 18:47

 

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობაზე, ასევე, მათი და სხვა სამხედროების წამებასა და არაეფექტიან გამოძიებაზე. სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია-მ შეიტანა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა საქმეში მესამე მხარედ იყო ჩართული. ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება.

"ჩვენი ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა საერთაშორისო სასამართლოებში საქმეების წარმოება, განსაკუთრებით, როდესაც ეს უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აქამდე ყველა დავა მოიგო, როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხებოდა სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ომის დროს აწამეს და ნაწილი წამებით მოკლეს. გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლო დაეყრდნო უკვე სახელმწიფოთაშორის საქმეში დადგენილ დარღვევას, ასევე მითითებული არის ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას.

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო, საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსება და, მეორეს მხრივ, ჩვენი სამხედროების ღირსება, რომლებმაც საკუთარი ღირსება გაწირეს საკუთარი ქვეყნისთვის," - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ