ელენე ხოშტარიას ექიმი – 29 ივნისს პენიტენციურ სამსახურში შედგება გაფართოებული შეხვედრა, იმედია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი ელენე ხოშტარიას ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით 27.06.2026 21:45

 

ორშაბათს, 29 ივნისს პენიტენციურ სამსახურში შედგება უფრო გაფართოებული შეხვედრა. იმედი მაქვს, დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი ელენე ხოშტარიას ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიას ექიმმა, რევმატოლოგმა, ანა ქავთარაძემ ჟურნალისტებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უწყების ხელმძღვანელთან, გიორგი პატარიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი ექიმი - მაკა იოსელიანი ესწრებოდა.

ანა ქავთარაძის თქმით, 29 ივნისს ელენე ხოშტარიას კვლავ მოინახულებს ექიმი მაკა იოსელიანი.

„ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ვფლობ გუშინდელის შემდეგ, შაბათია და არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ძალიან დეტალური, მრავლისმომცველი განხილვა იყო. ჩვენ წარვუდგინეთ არაერთი არგუმენტი და ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, მათ შორის ელენეს ანამნეზი, 2024 წლის თურქეთში მისი ჰოსპიტალიზაციიდან. თითოეული დეტალი გავიარეთ და შევთანხმდით, რომ ორშაბათს, დილით ქალბატონი მაკა კვლავ მოინახულებს ელენეს ციხეში და შემდეგ, 14:00 საათზე, აქვე შედგება უფრო გაფართოებული შეხვედრა, მათი მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები, ჩვენ დოკუმენტაციას მოვიტანთ. მე მაქვს იმედი, დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაზე, საბოლოოდ, ჩამოყალიბდება აზრი მის ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანა ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, „ოპოზიციის ალიანსმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის".

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ. როგორც გიორგი პატარიძემ განმარტა, „მაკა იოსელიანისთვის შეთავაზებული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა შეხვედრა, ელენე ხოშტარიას ექიმის სურვილით, 29 ივნისამდე გადაიდო".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ