29.06.2026 19:59
როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში" გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს.
„ქალბატონ მაკა იოსელიანთან და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედი", რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულება და შესაბამისად, უკვე კლინიკა „ვივამედში" ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში მსჯავრდებული გადავა კლინიკა „ვივამედში", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
ამასთან, გიორგი პატარიძე ამბობს, რომ სპეკულაციები მსჯავრდებულზე უარყოფითად აისახება.
„სპეკულაციები, რომლებიც ამ დღეებში იყო, ზოგადად, თითოეულ მსჯავრდებულზე აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა, გასულია ორი დღე და პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მსჯავრდებულ ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავდით, სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნება ჩატარებული ამ დაავადების მიმართულებით. საბედნიეროდ, მას ეს დაავადება არ დაუფიქსირდა. არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი კვლევები", - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
ავტორ(ებ)ი :