სასამართლომ ქეთა ციცქიშვილს ხუთდღიანი, თეიმურაზ სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს ექვსდღიანი, ხოლო ნინო ბერუაშვილს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 20.10.2025 21:44

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილე პირების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე პროცესები გაიმართა.

ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, მოსამართლე კობა ჩაგინავამ ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატებმა პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მოითხოვეს პროცესის გადადება, რადგან, მათი თქმით, არ მიეცათ საშუალება, პროცესამდე გაცნობოდნენ საქმის მასალებს. მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა და ადვოკატებს დრო მისცა საქმის მასალების გასაცნობად, თუმცა პროცესი არ გადადო. ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს მოწმეების,  კერძოდ დამკავებელი პოლიციელისა და ოქმის შემდგენელი პირების დაკითხვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.

ნიღბისმაგვარი საშუალებით სახის დაფარვის გამო დაკავებულ პროგრამისტ თეიმურაზ სარალიძეს ექვსდღიანი პატიმრობა შეეფარდა. თემურ სარალიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე „ნიღბისმაგვარი საშუალებით სახის დაფარვას“ ედავებოდა.

ნინო ბერუაშვილს, რომელსაც ასევე იმავე მუხლით ედავებოდა გამოძიება „ნიღბის საშუალებით სახის დაფარვას“ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ოთხი დღით პატიმრობა შეუფარდა.

აქტივისტ ნინო ბერუაშვილის თქმით, მისი მხრიდან სახის დაფარვა მიზანმიმართული არ ყოფილა.

საბა ჯაფარიძეს, რომელიც 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, ექვსდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საბა ჯაფარიძე დღეს დილით დააკავეს, მას სახის დაფარვას ედავებიან.

ამ წუთებში მიმდინარეობს აქტივისტ თამარ თირდაძის პროცესი, რომელიც დღეს სამტრედიაში დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება გზის გადაკეტვას ედავება. ასევე, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით დაკავებული თამარ თორთლაძის პროცესი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ