24.10.2025 11:08
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.
ამის შესახებ პროკურატურაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა. პროკურატურა კი, მის მიმართ გირაოს სახით 1 მილიონ ლარს ითხოვს.
საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტს.
"საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.
ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
ზემოაღნიშნული ქმედებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს - 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, 2024 წლის 29 იანვარს კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
ავტორ(ებ)ი :