24.10.2025 14:13
თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.
დღევანდელ პროცესს ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მედიასთან კომენტარი შესაძლოა, სხდომის შემდეგ გააკეთოს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს, რომლის უზრუნველყოფა, პროკურატურის ცნობით, შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით. ამასთან, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორებიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.
პროკურატურის ინფორმაციით, „ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ".
17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, 2024 წლის 29 იანვარს კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
ავტორ(ებ)ი :