ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 25.10.2025 17:54

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

დღევანდელი პროცესი, სადაც გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, მედიისთვის დახურულად ჩატარდა.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაო შესთავაზეს.

ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.

გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირში მყოფი, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში 23 ოქტომბერს დააკავეს. ის ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დიდი ოდენობით თანხა, ელექტრონული მოწყობილობები, ოქრო, ძვირადღირებული ნახატები და დოკუმენტაცია ამოიღეს.

 

პროკურატურის ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

დღეს, აღნიშნულ საქმეზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - ანდრია ლილუაშვილი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით", - განაცხადეს პროკურატურაში.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ