ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო 14.11.2025 12:00

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ერთი მილიონი ლარის გირაოს თანხა ქონებით უზრუნველყო.

ადვოკატის განცხადებით, გირაოს უზრუნველყოფა მოხდა მოსეშვილის #10-ში მდებარე ირაკლი ღარიბაშვილის ქონებით, რომელშიც ის ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

"როგორც იცით აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდა გირაო ერთი მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესატანად. ამ გირაოს დაფარვა თანხით არ მომხდარა. მისი სახლი, მოსეშვილის #10-ში, სადაც ის თავად ცხოვრობს ოჯახით, აუდიტმა შეაფასა. ეს უძრავი ქონება შეფასდა მილიონზე მეტად და სწორედ ეს ქონება ჩაიდო. კანონი ითვალისწინებს ამას. შესაძლებელია როგორც თანხით, ასევე ქონებით იქნას უზრუნველყოფილი. ეს დათქმა პროკურატურამ შეიტანა სასამართლოში და განჩინებაში მიუთითა.

ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ უწევს, ის კანონმორჩილი ადამიანია. არც ქვეყნის დატოვებას აპირებს და მზად არის თუ გამოძიებას ექნება რაიმე კითხვა, უპასუხოს. თუმცა ამ ეტაპამდე, გარდა იმ ჩვენებისა, რომელიც მისცა ბრალის წარდგენის დროს, მისთვის არ დაუსვამთ კითხვა, გამოკითხული არ ყოფილა“,- განაცხადა ლილი გელაშვილმა.

შეგახსენებთ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის აღნიშნული მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვდა, რაც საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას გულისხმობდა. 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატური მოთხოვნა დააკმაყოფილა და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს სახით 1 მილიონი ლარი შეუფარდა. მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

 

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ