სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს 22.11.2025 17:15

პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ იფორმაციაში.

უწყების ცნობით, თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმიანოთ მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას პენიტენციური სამსახურის მიმართ, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება.

თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

დღეის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიზეზით არცერთი ბრალდებული/მსჯავრდებული არ იმყოფება გეგმური სამედიცინო რეფერალის რიგში.

გარდა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებისა, ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება მიეწოდება, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სამედიცინო სერვისებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიული და ჰიგიენური პირობების დაცვას.

თითოეული პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან, რომელიც წელიწადში არანაკლებ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამუშაოები ტარდება დამატებით არაგეგმურად, რომელთაც ახორციელებს პენიტენციური სამსახურის მიერ დასაქმებული პირი.

რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, აღვნიშნავთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე.

პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეულმა ნუტრიციოლოგებმა შეიმუშავეს ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებითი რაციონი. განისაზღვრა კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). ამდენად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუს შესაბამისად ხორციელდება. ამასთან, კვების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები. გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება.

აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში გათბობის სისტემა არ მუშაობს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ორ კვირაზე მეტია, ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც იწვევს არა მხოლოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ