26.11.2025 14:02
ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების მიმართ პროკურატურა კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
სახელმწიფო ბრალმდებლის, ვაჟა თოდუას შუამდგომლობის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, კვლავ არსებობს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საჭიროება. თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.
პროკურორის თქმით, დაკავებული პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ 4 ოქტომბერს შეკრებილიყვნენ და იქ გააჟღერებდნენ გეგმას, „რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ". საუბრობდნენ რევოლუციის საჭიროებაზე და ხელისუფლების დამხობაზე.
„წარმოდგენილ ერთ-ერთ ვიდეოში მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე, ყვებიან, რომ ამ აქციის ორგანიზატორები არიან.
კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი, სადაც პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა აჟღერებენ კანონსაწინააღმდეგო გეგმას და ხალხს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისკენ - სასახლის ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.
წარმოდგენილია სასახლეში შეჭრის კადრები, სადაც ჩანს, რომ ორგანიზატორები აზიანებენ ღობეს და ეზოში იჭრებიან. ეზოში იმყოფებიან პაატა ბურჭულაძე და ლაშა ბერიძე, შემდეგ შედიან ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა. კადრებში ჩანს პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლა, რბევა.
ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ წარმოდგენილია არაერთი ვიდეო, ის სამართალდამცავებს სთხოვს არ შეასრულონ მათი ვალდებულებები და კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდებას აკეთებს.
თორნიკე მჭედლიშვილი პოლიციელებზე ძალადობას ახორციელებდა, ის სასახლეში შეჭრას ცდილობდა.
კადრებში ჩანს, გური ჟვანია ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად როგორ ძალადობდა პოლიციელებზე. აქციის მონაწილეებს პოლიციის თანამშრომელი ჰყავდათ შებოჭილი, სადაც მიდის გური ჟვანია და შებოჭილ პოლიციელს ფეხს ურტყამს.
კადრებში ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია მონაწილეობს ძალადობაში, ის ხალხს სასახლის ეზოში შესვლისკენ მოუწოდებდა.
აღნიშნული ქმედებები ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დანაშაულებრივ ქმედებებს გააგრძელებენ.
პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძის არაერთი ინტერვიუა წარმოდგენილი, სადაც ისინი დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებაზე საუბრობენ. ისინი ადამიანებს რეგიონებიდან ჩამოსვლას და რევოლუციურ პროცესში შეერთებას სთხოვდნენ. ჩანაწერში ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სასახლეში შეჭრის გეგმა მათი გეგმის ნაწილი, მურთაზ ზოდელავა პასუხობს, რომ კი",- განაცხადა თოდუამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორ(ებ)ი :