28.11.2025 16:56
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის დანიშვნას, აბსოლუტურად შესაბამისია დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების, - ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
გვრიტიშვილის თქმით, ოპონენტები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებასა და მორატორიუმს ითხოვდნენ, მათი არგუმენტი გაბათილდა.
„ჩვენი ოპონენტები, უცხოელი პარტნიორები, სხვადასხვა სუბიექტი, ენჯეოსექტორი თუ პოლიტიკოსები იშველიებდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ითხოვდნენ მორატორიუმის გამოცხადებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნების შეჩერებას, ზუსტად იმ მოტივით, რომ კანონმდებლობა არის ხარვეზიანი, არადემოკრატიული და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მათი არგუმენტი არის გაბათილებული.
იმ საქმეში, რომელზეც სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, რადგან მათი საქმეები განიხილეს ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე დანიშნულმა მოსამართლეებმა. ამ ყველაფერს პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. სტრასბურგი არსებით განხილვაშიც კი არ შესულა, იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა მტკიცება, რომ კანონმდებლობა არის ხარვეზიანი. მეტიც, სტრასბურგის სასამართლომ ვრცელი მიმოხილვა შემოგვთავაზა 2012 წლიდან მოყოლებული და ჩათვალა, რომ ეტაპობრივად დაიხვეწა, გაუმჯობესდა როგორც კანონმდებლობა, ასევე სასამართლოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობა. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში წარმატებულ რეფორმებზე.
ავტორ(ებ)ი :