„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის - კანონმდებლობაში შემოდის ტერმინი „პროცესუუნარო“ 15.12.2025 22:35

 

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შედის და იმ ბრალდებულებს შეეხება, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდნენ, პროცესუუნარო გახდნენ და მკურნალობას საჭიროებენ.

ცვლილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს და განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება.

აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და დასკვნაში აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიერ საპროცესო უფლებებით სათანადოდ სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ იგი, სულ მცირე, ადეკვატურად აღიქვამდეს ბრალდების არსს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შინაარსს და ადვოკატთან ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში აღნიშნა, რომ იმ პირის დამნაშავედ ცნობა, რომელსაც არ შესწევს უნარი, ისეთი საპროცესო მოქმედებები განახორციელოს, რომლებიც ექსკლუზიურად მისი გასაკეთებელია და რომელთა სრულყოფილად ჩანაცვლება ვერ მოხდება თუნდაც საუკეთესო ადვოკატის მიერ, კონსტიტუციის მოთხოვნებს არ პასუხობს.

მომზადებული ცვლილებებით, კანონმდებლობაში ახალი ტერმინი „პროცესუუნარო" შემოდის. პროექტით, პროცესუუნარო პირია ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ შესწევს უნარი, ისეთი საპროცესო მოქმედება შეასრულოს, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ პროცესუუნარო გახდება, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით საქმის არსებითი განხილვა, მაქსიმუმ, სამი თვის ვადით შეჩერდება ან არ დაიწყება. სამი თვის გასვლის შემდეგ კი პროცესი გაგრძელდება. სასამართლო გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს დღეს მოქმედი წესის შესაბამისად გამოიტანს.

პროექტით, თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება, თუ შუამდგომლობის ინიციატორი მხარე არის ბრალდების მხარე, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა - აღნიშნული ვადა შეჩერდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ