ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა 19.12.2025 10:43

„გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე მისვლას აპირებს.

„შვიდთვიანი იზოლაციის შემდეგ, როცა ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზორიდან გაქვს მიღებული, არ მგონია, მაინცდამაინც სწორი იყოს, ახლა მოვყვე, რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე, მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე, რამდენიმე დღე დამჭირდება აზრზე მოსასვლელად. რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა, სხვებს დაველაპარაკო და შემდეგ ვიტყვი, ჩემი აზრით რა იქნება სწორი.

ახალ ბრალს რაც შეეხება, გზავნილი არ არის მარტო ჩემზე, არამედ ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც და ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტახანი გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ ხელახლა, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩუმდეთ, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ. არავინ არ არის ამის გამკეთებელი. არც მე ვაპირებ და არც არავინ დააპირებს, რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მგონია, რომ კარგად ვიცნობ. მე არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა შვიდი წლით ან 15 წლით, ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. მუდმივად განცდის ქვეშ რომ იყო, ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ დროს ჩაგსვან ციხეში. ჩვენი ამოცანაა, რომ მაგრად ვიყოთ. ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, ეფექტურად გამოვიყენოთ. დღეს საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასვლას. რაღაც შეხვედრები უკვე დაგეგმილი მაქვს, ოპოზიციურ სპექტრთანაც, პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს.

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიაც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს გზა ისეთი რთული, რაც გამოვიარეთ ამ ქვეყანამ, ხალხმა ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში. გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა. ბოლოს ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ეს ქვეყანა ვერ გარუსდება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა და გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.

22 მაისს „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ