12.01.2026 15:46
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა", - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :