29.01.2026 15:10
ყალბი ჯანმრთელობის დოკუმენტების გამოყენებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიული ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარდა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენს მიერ დაკავებულია ერთი პირი. დაკავებულ პირთან და მის თანამზრახველებთან, კანონით გათვალიწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია, დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს", - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით", - აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში.
ავტორ(ებ)ი :