29.01.2026 17:13
თავდაცვის სამინისტრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ჯუანშერ ბურჭულაძისგან ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ცაბაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, თუ 6 მილიონ 9 ათასი ლარის გაფლანგვა დადასტურდება, ეს თანხა ჯუანშერ ბურჭულაძემ უნდა აანაზღაუროს.
„ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2025 წლის ივნისში, ანტიკორუფციული დეპარტამენტიდან შემოვიდა მიმართვა, რომ მიმდინარეობდა თანხების გაფლანგვაზე გამოძიება. იურიდიულ საფუძველზე, ამ საქმეში მონაწილეობა დამევალა. გამოვცხადდი საგამოძიებო უწყებაში, გავეცანი საქმის მასალებს და დაზარალებულად ცნობის დადგენილებას. საქმე ეხება 2023 წლის შესყიდვას. კერძოდ ჰოსპიტლის აღჭურვილობას. საერთო ჯამში, 6 მილიონ 9 ათასია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანაზღაურებას მოვითხოვთ", - განაცხადა ცაბაძემ, რომლის კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
ავტორ(ებ)ი :