02.02.2026 12:03
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა, დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა რვა ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა", ინდმეწარმე დ. ს., შპს ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ", შპს ,,დტნბ'', შპს „ზარავეტ", შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა", ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო".
„ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა ორ კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1 500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :