ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 პირი - გეკა გელაძე 18.02.2026 13:45

შსს-მ ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დააკავა, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება, ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას ჩვენს მომავალ თაობებს. დღეს მინდა, საზოგადოებას მოვახსენო კიდევ ერთი მასშტაბური და ძალიან წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ და აქვე, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს. მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის, ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

გეკა გელაძის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული პირები მოქალაქეებზე ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა გზითა და მეთოდით ახდენდნენ.

„მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს. ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითიც დაკავებული პირების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. ნარკოდამნაშავეების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“ და სხვა. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა. დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კილოგრამზე მეტი წონის „კოკაინის“ შემოტანას ცდილობდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია.

„პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – ნახევარ კილომდე „მეტამფეტამინი“. ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ასევე დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის, ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცავის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ