07.03.2026 19:01
„ქრონიკის" კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა.
მანამდე, სუს-ში დაადასტურეს, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის" კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით".
„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.
დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ", - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ავტორ(ებ)ი :