ალეკო ელისაშვილი: უარს ვამბობ გასათავისუფლებელ პატიმართა სიაში ჩემს ჩაწერაზე, მოვუწოდებ ყველას, ქართველს თუ უცხოელს, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში 24.03.2026 17:39

 

მინდა, ტყუილუბრალოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელი შევუწყო, ესაა ჩემი პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, ალეკო ელისაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.

როგორც ელისაშვილი წერილში აღნიშნავს, არ სურს გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში იყოს და მოუწოდებს ყველას, არ განიხილონ პოლიტიკური პატიმრების სიაში.

„პირველ რიგში, ყველას მოგესალმებით! ამ სტატუსს ისევ პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით და სამძიმრით დავიწყებ. ღმერთმა გაანათლოს მისი დიდებული სული. მჯერა იქ, მაღლა საქართველოში ილოცებს აქაური საქართველოს დამშვიდებასა და წინსვლაზე.

რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს, მეოთხე თვეა, ტერორიზმის ბრალით ვზივარ ყველაზე მკაცრ ციხეში, 15-წლიანი სასჯელი მემუქრება, მაგრამ ბრალზეც და სასჯელზეც მეღიმება, თუმცა ეგ ცალკე ამბავია. რასაც თვალს ვადევნებ, ვხედავ, რომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" უმძიმესმა დასკვნამ და, განსაკუთრებით, რეკომენდაციებმა ამათ, ამ მავნებლებს ძალიან მოუჭირათ. „ოცნების" ხალხს მოხარშულებს ვიცნობ და ზუსტად ვგრძნობ, რომ მოუწევთ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. „გვაჩვენეთ სიებიო", გაიძახიან დღედაღამ, რაც ნიშნავს, რომ აშკარად თავიანთი სია მზად აქვთ, მაგრამ თითოეულ პატიმარზე ვაჭრობას აპირებენ. ჩემს გვარსაც ახსენებენ და ამბობენ, ეს ტერორისტი როგორ არის პოლიტპატიმარიო. ჩემი გვარის ტრიალი სხვების გათავისუფლების პროცესის გაწელვის და დაზიანებისთვის სჭირდებათ. მე მინდა, კოვზი ნაცარში ჩავუგდო და ვთქვა ხმამაღლა: მე, ალეკო ელისაშვილი, უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე. მოვუწოდებ ყველას - ქართველს თუ უცხოელს არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში.

მინდა, ტყუილუბრალოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელი შევუწყო. ესაა ჩემი პრინციპული პოზიცია! ღმერთია მოწმე, მე არც ჯარისთვის ლუკმა მომიპარავს, არც ოქროს ზოდები უპოვნიათ ჩემს სახლში და არც საყაჩაღოდ შევსულვარ არსად. საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ვზივარ ციხეში. ეს პატივია დ არა - სასჯელი.

მე ჩემს საკანში უდიდესი კმაყოფილებით ვნახავ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლების კადრებს და იმ ურემს დაველოდები, რომელიც აუცილებლად ჩამოაგორებს ჩემს წილ სამართალს. ასე რომ, შეხვედრამდე. პატივისცემით ალეკო, მე-6 მაღალი რისკის საპყრობილე. 25-ე საკანი", - ნათქვამია ელისაშვილის წერილში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ