01.04.2026 15:46
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ევროპული სასამართლო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის" კანონთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციისა და სამი ფიზიკური პირის საჩივრებს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს.
მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით მომდევნო წლამდე არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს მთავრობას გამოეგზავნა სამი ორგანიზაციისა და სამი ფიზიკური პირის საჩივარი, რომლებიც დავობენ, თითქოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" არღვევს მათ უფლებებს, ევროპული კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს. ეს საჩივრები შეტანილია გასული წლის აგვისტოში და ევროპულმა სასამართლომ თითქმის ცხრა თვის თავზე გამოაგზავნა სახელმწიფოსთან საპასუხოდ. ეს ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. პირდაპირ მითითებულია, რომ სახელმწიფოს სტანდარტული ვადები ექნება. კერძოდ, ივლისის ბოლომდე უპასუხებს შეკითხვებს. შემდეგ შეკითხვებს უპასუხებენ მომჩივნები და წლის ბოლოს ასევე საბოლოო პასუხის გაცემის საშუალება ექნება სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წლამდე არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ამასთან, ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოდან ინფორმაცია არ მიუღიათ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე. ძამაშვილის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მომჩივნებს კანონის მოქმედების შეჩერება არ მოუთხოვიათ ან მოითხოვეს და სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა.
„მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები ეროვნულ დონეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ითხოვდნენ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე, სტრასბურგის სასამართლოდან ამგვარი ინფორმაცია არ შემოსულა. ეს ნიშნავს, რომ კანონის მოქმედების შეჩერება ევროპული სასამართლოს წინაშე ან არ მოუთხოვიათ, ან მოითხოვეს და არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს მათი უფლებების შეზღუდვა ხდება მყისიერად, გადაუდებლად. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოეთხოვათ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ბექა ძამაშვილმა ასევე განმარტა, რომ საქმესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს, როგორც მომჩივნებს, ისე სახელმწიფოს.
„მნიშვენლოვანია, აღინიშნოს, რომ საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ასევე არსებით ნაწილზე. ანუ, ევროპულმა სასამართლომ, მათ შორის, კითხვა დასვა, საერთოდ რამდენად შეიძლება, მომჩივნები მსხვერპლებად ჩაითვალონ? შეიძლება, ამ განხილვის შემდეგ სარჩელი დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ საქმეს მიენიჭა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი, საკითხი ისე იყო წარმოჩენილი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს საჩივარს. საქმე ნამდვილად არის პრეცედენტული, რადგან თვითონ კანონი ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგს წარმოადგენს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არაერთ ევროპულ სახელმწიფოში არის მიღებული მსგავსი შინაარსის კანონები ან ახლა მიმდინარეობს მსგავსი კანონების მიღება. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული და ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც", - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დღეს განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის" (ე.წ. FARA) საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.
ავტორ(ებ)ი :