07.04.2026 14:26
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ ექვს პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.
„დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს" სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს", - განაცხადა დარახველიძემ.
ავტორ(ებ)ი :