07.04.2026 18:32
სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოხდა, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.
იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, თუმცა, პროცესი გადაიდო და ის 22 აპრილს ჩატარდება. გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ჩვენ წინააღმდეგი ვართ სხდომის დახურვის, თუმცა მოვისმინეთ ის გადაწყვეტილება, რაც გაჟღერდა სასამართლოს მიერ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს იყო წინასასამართლო სხდომა. პატიმრობა გადაისინჯა და დარჩა ძალაში. თავს დამნაშავედ არ სცნობს და ჩვენ მზად ვართ, ყველა მტკიცებულება გავიაროთ სასამართლოზე თუ დაგჭირდება და წარმოვაჩინოთ ჩვენი უდანაშაულობა." - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი.
კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარემაც. პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოიპოვა საქმეში 100-მდე პირის გამოკითხვის ოქმი, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.
"მას ბრალად აქვს წარდგენილი ქრთამის აღების ოთხი ეპიზოდი. ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოიპოვა საქმეში 100-მდე პირის გამოკითხვის ოქმი, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ჩხრეკა, ამოღება, გამოთხოვა. დამუშავებულია გამოთხოვილი ინფორმაცია შინაარსობრივად და ეს ყოველივე მოდის თანხვედრაში მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსთანაც. შესაბამისად, ამ საქმეში მოიპოვება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები პირდაპირი ხასიათის, რაც თითოეულ ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს," - აცხადებს პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი.
ავტორ(ებ)ი :