23.04.2026 21:11
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ქონებაც - ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი.
ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მასთან ორი კვირის წინ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. კერძოდ, ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით, ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს, საერთო ჯამში, 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდნენ, ვასილ მხეიძეს კი - გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტებზე. აღნიშნული ბრალი შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორ(ებ)ი :